კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება უფრო მარტივი
გახდა ტექნოლოგიების დახმარებით. უცხო ენაზე კომუნიკაციის პროცესი დღეს უფრო მოსწავლეზე
ორიენტირებულია. თანამედროვე საკლასო ოთახში აქტიურად გამოიყენება მოსასმენი აქტივობები
შესაბამისი ტესტებით. ციფრული ტექნოლოგიების
გავრცელების გამო მიიჩნევა, რომ სახელმძღვანელოები რამდენიმე წელიწადში გაქრება.
ტექნოლოგიური წყაროები, როგორიცაა აუდიოვიზუალური საშუალებები,
სოციალური მედია, ინტერნეტი, იუთუბი, სმარტფონებში ჩატვირთული ენის გრამატიკისა და
ლექსიკის სასწავლი აპლიკაციები, მობილური ლექსიკონი და ა.შ. აქტიურად უნდა იქნას გამოყენებული მასწავლებელის მხრიდან
ეფექტური სწავლებისათვის. ინგლისური ენის პედაგოგი უნდა იცნობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს
და ეფექტურად იყენებდეს სასწავლო პროცესში. მაგალითად, თუ მასწავლებელი ახსნის გრამატიკის
საკითხებს და Power point-ში მომზადებულ
პრეზენტაციას აჩვენებს, მოსწავლეები უფრო მარტივად აღიქვამენ შესასწავლ საკითხს და
სწავლისადმი ინტერესი უფრო გაეზრდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ სწავლება ორმხრივი
პროცესია და მოსწავლეზეა ორიენტირებული, მასწავლებელმა უნდა ეცადოს მოსწავლეებს დაეხმაროს
სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გააკეთონ პრეზენტაციები
და ზეპირი მოხსენებები, რომელებიც მათ სასაუბრო უნარ-ჩვევებს განუვითარებთ.
ენის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განსავითარებლად ტექნოლოგიების
გამოყენების უპირატესობა სასწავლო პროცესში დადასტურებულია შესაბამისი კვლევებით. მაგალითად,
ჰენესი (Hennessy) მიიჩნევს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება მოქმედებს როგორც კატალიზატორი მასწავლებლების
და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების კუთხით. მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ მოსწავლეები
უფრო მეტად დამოუკიდებლები ხდებიან. პედაგოგები კი მიიჩნევენ, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ თავიანთ მოსწავლეებს იმოქმედონ
და იფიქრონ დამოუკიდებლად. ლის (Lee) აზრით, ენის სწავლა კომპიუტერის დახმარებით
(Computer Assisted Language Learning - CALL) ცვლის მოსწავლეების მხრიდან სწავლისადმი
დამოკიდებულებას და აძლიერებს თავდაჯერებულობას (ლი, 2001).
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
მოსწავლეები აქტიურ როლს თამაშობენ სწავლის პროცესში, რაც მათ ეხმარება უფრო მეტი ინფორმაციის
ათვისებაში. დისკუსიებში ჩართვით, რომელიც თან ერთვის ამგვარ აქტივობებს, მოსწავლეები
უფრო დამოუკიდებელნი ხდებიან. აღნიშნულს ადასტურებს იტონიც (Eaton, 2010), რომელიც
აცხადებს, რომ კომპიუტერზე დაფუძნებული კომუნიკაცია
სასარგებლოა ენის სწავლებისათვის.
კიდევ ერთი კვლევა 2014 წელს ჩაატარა ელსეიმ
(Alsaleem). აღმოჩნდა, რომ WhatsApp-ის აპლიკაციის
გამოყენებით ენის შემსწავლელებმა გაიუმჯობესეს წერითი და ლაპარაკის უნარები, აგრეთვე
გაიღრმავეს ლექსიკა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ენის სწავლების პროცესში
ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის ჩვენების მიუხედავად, მხოლოდ ტექნოლოგიური
რესურსები ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ სწავლებას. მასწავლებელი უნდა იყოს დარწმუნებული
იმაში, რომ კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენება ემსახურება სასწავლო მიზანს და გააუმჯობესებს
სასწავლო პროცესს. როდესაც ტექნოლოგია გამოიყენება სათანადოდ, მიზნის შესაბამისად,
მას შეუძლია წინსვლა მოუტანოს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ეს არის რესურსი, რომელიც
მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება და ენის შესწავლას გაუადვილებთ. გარდა ამისა, ტექნოლოგიების
გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. სწავლის
პროცესიც უფრო სასიამოვნო და საინტერესო ხდება.
ამრიგად, ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დადებით
ურთიერთობას, ეხმარება მოსწავლეებს სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებაში, სწავლა-სწავლების
პროცესი უფრო მოსწავლეზე ორიენტირებული ხდება, ხელს უწყობს მოსწავლეებში თავისუფალი
აზროვნების განვითარებას, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას შეისწავლონ უცხო ენა.

No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.