Thursday, April 4, 2019

როლური თამაშების მნიშვნელობა უცხო ენის სწავლების პროცესში


მოსწავლეები ხშირად აწყდებიან პრობლემებს ინგლისურად საუბრისას. ენის შემსწავლელებს მშობლიური ენის დაუფლების შემდგომ უჭირთ უცხო ენაზე საუბარი. აღნიშნული  შეიძლება გამოწვეული იყოს იმ ფაქტით, რომ უცხო ენაზე მათ არ აქვთ ყოველდღიური კომუნიკაცია. ამიტომ ერიდებიან მონაწილეობა მიიღონ ინგლისურ ენაზე წარმართულ საუბარში. არსებობს მრავალი საშუალება, რომელთაც შესაძლებელია მიმართონ მოსწავლეებმა ინგლისური ენის შესწავლისა და სასაუბრო უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ასეთი ტექნიკა, რომელიც მოსწავლეებს ენის ათვისებაში და საუბრისას რეალურად ეხმარება, არის როლური თამაში.
როლური თამაში ძალიან მნიშვნელოვანია საუბარის სწავლებისას, რადგან ის სტუდენტებს  შესაძლებლობას აძლევს პრაქტიკულად დაამყარონ კომუნიკაცია სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში და მოირგონ სხვადასხვა სოციალური როლი. გარდა ამისა, იგი ასევე საშუალებას აძლევს მოსწავლეებს იყვნენ შემოქმედებითნი და თავი წარმოიდგინონ სხვა ადამიანის პოზიციაში.
წარმოსახვითი ადამიანები - როლური თამაშების დადებითი მხარე ისაა, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ დროის მცირე მონაკვეთში „გახდნენ“ ნებისმიერი ვინმე რომელიც მათ მოსწონთ. მაგალითად, პრეზიდენტი, დედოფალი, მილიონერი,
პოპ ვარსკვლავი  და სხვ. მოსწავლეებს აგრეთვე შესაძლებლობა აქვთ გამოთქვან მოსაზრებები. დაეთანხმონ ან არ დაეთანხმონ რომელიმე მოცემულ დებულებას.  კლასი შესაბამისად გაიყოს ორ ჯგუფად და თემის ირგვლივ მოეწყოს მსჯელობა.
წარმოსახვითი სიტუაციები - უამრავი სახის სცენარი შეიძლება გამოიცადოს და პრაქტიკულად განხორციელდეს როლურიი თამაშის საშუალებით. მაგალითად: მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ თავი წარმოიდგინონ „აეროპორტში“, „რესტორანში“, „საავადმყოფოში“, „გასართობ ცენტრში“ და სხვ.
როლური თამაშები სწავლების პროცესს უფრო მეტად სტუდენტზე  ორიენტირებულს ხდის, მასწავლებელმა უნდა ჩართოს მოსწავლეები საუბარსა და როლურ თამაშებში მათი ზოგადი ენის ცოდნის დონის გაუმჯობესების მიზნით. როლური თამაშები მოსწავლეებს აგრეთვე ეხმარება დაძლიონ სცენისა და აუდიტორიის წინაშე გამოსვლის შიში. ამ მიზნით პედაგოგმა  სხვადასხვა კონტექსტი უნდა შეურჩიოს მოსწავლეებს და სთხოვოს მათ მონაწილეობა მიიღონ როლურ თამაშებსა და საუბრებში. მასწავლებელმა უნდა მოირგოს მენტორისა და ფასილიტატორის როლი. აღნიშნული მეთოდი სასარგებლოა  მოსმენისა თუ კითხვის ზოგიერთი მონაკვეთის გასააზრებლად.
სტეფან ჰეტინგსის (Stephen D. Hattings) აზრით,  როლური თამაში არის იდეალური აქტივობა, რომელშიც მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი შემოქმედებითობა და მისი მიზანია სასაუბარო სიტუაციის სტიმულირება, რომელშიც მოსწავლეებმა შეიძლება აღმოაჩინონ საკუთარი თავი. მოსწავლეებს თამაში საშუალებას აძლევს  პრაქტიკაში გამოიყენონ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ როლური თამაში არის ტექნიკა, რომელიც მოიცავს ფანტაზიასა და წარმოსახვას, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს რამოდენიმე წუთის განმავლობაში განასახიერონ ვიღაც სხვა,  მოიფიქრონ და მაშინვე გაითამაშონ დიალოგი, აგრეთვე შექმნან რეალური სამყაროს  სცენარი. აქტივობა მიზნად ისახავს აზროვნებისა და შემოქმედებითობის წახალისებას. მოსწავლეებს საშუალება ეძლევეთ პრაქტიკაში გამოსცადონ საკუთარი ენის ცოდნის დონე და უნარები მათთვის სასურველ გარემოში.


ინგლისური ენის სწავლება თამაშების მეშვეობით


„მესმის და მავიწყდება.
ვხედავ და მჯერა.
ვაკეთებ და ვიგებ“ - კონფუცი
ზეპირმეტყველების უნარის განსავითარებლად, რომელიც აუცილებელი პირობაა კომუნიკაციის პროცესში ჩასართველად, თანამედროვე მასწავლებლები აგრეთვე მიმართავენ სწავლებას თამაშების დახმარებით. თამაში, როგორც წესი, წარმოადგენს აქტივობას, რომელსაც გააჩნია თავისი წესები და აქვს კონკრეტული მიზანი, რომელიც ამავდროულად გარკვეულწილად გართობასაც გულისხმობს. თამაში არის ბუნებრივი საშუალება ბავშვებისათვის აღიქვან მათ გარშემო არსებული სამყარო. აქედან გამომდინარე, თამაში აუცილებლად უნდა იყოს სწავლების შემადგენელი კომპონენტი, მათ შორის უცხო ენების შესწავლის თვალსაზრისითაც.
   უამრავმა კვლევის მიხედვით, თამაშებს უცხო ენების შესწავლაზე დადებითი გავლენა აქვს. აღნიშნულს ადასტურებს 1985 წელს მაიკლ კერიერის (Michael Carrier), 2005 წლის ჩენის (Chen), და 2010 წლის კუპეცკოვას (Kupeckova) მიერ ჩატარებული კვლევები.
 ენობრივი თამაშები შეიძლება დაიყოს სხვადასხვა პრინციპის მიხედვით. ჰედფილდი (Hadfiled) გვთავაზობს ენობრივი თამაშების ორი სახის კლასიფიკაციას. იგი გამოყოფს ლინგვისტურ, რომელშიც ძირითადად უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სისწორეს, სიზუსტეს და  კომუნიკაციურ თამაშებს, სადაც ყურადღება გამახვილებულია ინფორმაციის წარმატებულ გაცვლაზე.
ინგლისური ენის პედაგოგები ამ მიზნით მიმართავენ ისეთი სახის აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია  ლექსიკის გაუმჯობესებაზე. გამოცანები, გამოტოვებული სიტყვების ჩასმა და ანაგრამები აუმჯობესებენ ლექსიკას. მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გაზრდის მიზნით, მასწავლებელს შეუძლია ჩაატაროს  შეჯიბრი სინონიმების, ანტონიმების, იდიომების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით. მან უნდა განმარტოს სიტყვები და მათი მნიშვნელობა მაგალითების გამოყენებით და სთხოვოს მოსწავლეებს სიტყვების მნიშვნელობა გაიაზრონ  კონტექსტიდან გამომდინარე. აგრეთვე აწარმოონ წინადადებები თითოეული სიტყვის გამოყენებით სხვადასხვა კონტექსტში. ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება ითქვას, რომ თამაში:
·         საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეების სწავლის პროცესში ჩასართავად და მათი მოტივაციის ასამაღლებლად;
·         ხელს უწყობს მოსწავლეებს  უცხო ენა გამოიყენონ სპონტანურად;
·         კლასში ქმნის თავისუფალ და სასიამოვნო ატმოსფეროს;
·         ხელს უწყობს მოსწავლეებს  ქვეცნობიერად გაიაზრონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ენის ოთხი ძირითადი მომართულება. როგორიცაა მოსმენა, კითხვა, საუბარი და წერა;
·         ამცირებს სტრესსა და ნერვიულობას თანაკლასელებთან საუბრისას
·         ორიენტირებულია მოსწავლეზეა;
·         ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობების  ჩამოყალიბებასა და გაზრდას.
ინგლისური ენის სწავლება კიდევ უფრო ეფექტური იქნება თუ მასწავლებელი  ენის შემსწავლელებს მოუწოდებს კონკრეტული თემის განხილვისკენ. მან უნდა გაყოს მოსწავლეები ორ ან სამ ჯგუფად და გაამხნევოს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დისკუსიაში ჩაბმით მასწავლებელს შეუძლია უფრო მეტი ყურადღება გაამახვილოს კონკრეტული თემის ირგვლივ. ჯგუფურ დისკუსიებში ჩართვით მოსწავლეები იუმჯობესებენ მოსმენისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს.

ინგლისური ენის სწავლება ტექნოლოგიების დახმარებით


კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარება უფრო მარტივი გახდა ტექნოლოგიების დახმარებით. უცხო ენაზე კომუნიკაციის პროცესი დღეს უფრო მოსწავლეზე ორიენტირებულია. თანამედროვე საკლასო ოთახში აქტიურად გამოიყენება მოსასმენი აქტივობები შესაბამისი ტესტებით.  ციფრული ტექნოლოგიების გავრცელების გამო მიიჩნევა, რომ სახელმძღვანელოები რამდენიმე წელიწადში გაქრება.
ტექნოლოგიური წყაროები, როგორიცაა აუდიოვიზუალური საშუალებები, სოციალური მედია, ინტერნეტი, იუთუბი, სმარტფონებში ჩატვირთული ენის გრამატიკისა და ლექსიკის სასწავლი აპლიკაციები, მობილური ლექსიკონი და ა.შ. აქტიურად  უნდა იქნას გამოყენებული მასწავლებელის მხრიდან ეფექტური სწავლებისათვის. ინგლისური ენის პედაგოგი უნდა იცნობდეს თანამედროვე ტექნოლოგიებს და ეფექტურად იყენებდეს სასწავლო პროცესში. მაგალითად, თუ მასწავლებელი ახსნის გრამატიკის საკითხებს და Power point-ში მომზადებულ პრეზენტაციას აჩვენებს, მოსწავლეები უფრო მარტივად აღიქვამენ შესასწავლ საკითხს და სწავლისადმი ინტერესი უფრო გაეზრდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ სწავლება ორმხრივი პროცესია და მოსწავლეზეა ორიენტირებული, მასწავლებელმა უნდა ეცადოს მოსწავლეებს დაეხმაროს სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გააკეთონ პრეზენტაციები და ზეპირი მოხსენებები, რომელებიც მათ სასაუბრო უნარ-ჩვევებს განუვითარებთ. 
ენის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განსავითარებლად ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობა სასწავლო პროცესში დადასტურებულია შესაბამისი კვლევებით.  მაგალითად,  ჰენესი (Hennessy) მიიჩნევს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების  გამოყენება მოქმედებს როგორც კატალიზატორი მასწავლებლების და მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების კუთხით. მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ მოსწავლეები უფრო მეტად დამოუკიდებლები ხდებიან. პედაგოგები კი მიიჩნევენ, რომ მათ  მხარი უნდა დაუჭირონ თავიანთ მოსწავლეებს იმოქმედონ და იფიქრონ დამოუკიდებლად. ლის (Lee) აზრით, ენის სწავლა კომპიუტერის დახმარებით (Computer Assisted Language Learning - CALL) ცვლის მოსწავლეების მხრიდან სწავლისადმი დამოკიდებულებას და აძლიერებს თავდაჯერებულობას (ლი, 2001).
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები აქტიურ როლს თამაშობენ სწავლის პროცესში, რაც მათ ეხმარება უფრო მეტი ინფორმაციის ათვისებაში. დისკუსიებში ჩართვით, რომელიც თან ერთვის ამგვარ აქტივობებს, მოსწავლეები უფრო დამოუკიდებელნი ხდებიან. აღნიშნულს ადასტურებს იტონიც (Eaton, 2010), რომელიც აცხადებს, რომ  კომპიუტერზე დაფუძნებული კომუნიკაცია სასარგებლოა ენის სწავლებისათვის.
კიდევ ერთი კვლევა 2014 წელს ჩაატარა ელსეიმ (Alsaleem). აღმოჩნდა, რომ  WhatsApp-ის აპლიკაციის გამოყენებით ენის შემსწავლელებმა გაიუმჯობესეს წერითი და ლაპარაკის უნარები, აგრეთვე გაიღრმავეს ლექსიკა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ენის სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობის ჩვენების მიუხედავად, მხოლოდ ტექნოლოგიური რესურსები ვერ უზრუნველყოფს ეფექტურ სწავლებას. მასწავლებელი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ კონკრეტული ტექნოლოგიის გამოყენება ემსახურება სასწავლო მიზანს და გააუმჯობესებს სასწავლო პროცესს. როდესაც ტექნოლოგია გამოიყენება სათანადოდ, მიზნის შესაბამისად, მას შეუძლია წინსვლა მოუტანოს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ეს არის რესურსი, რომელიც მოსწავლეებს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება და  ენის შესწავლას გაუადვილებთ. გარდა ამისა, ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. სწავლის პროცესიც უფრო სასიამოვნო და საინტერესო ხდება.  ამრიგად, ტექნოლოგიები უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის დადებით ურთიერთობას, ეხმარება მოსწავლეებს სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებაში, სწავლა-სწავლების პროცესი უფრო მოსწავლეზე ორიენტირებული ხდება, ხელს უწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებას, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას შეისწავლონ უცხო ენა.


უცხო ენის სწავლების უძველესი მეთოდებიდან დღემდე


ინგლისური ენის სწავლებას საკმაოდ ხანგრძლივი და ძალზე საინტერესო ისტორია აქვს. საკითხის სრულფასოვნად შესწავლისათვის უაღრესად  მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაცნობა, რომელიც ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე ეტაპამდე დაგროვდა.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინგლისში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, დომინირებდა ლათინური ენა. მისი შესწავლის მთავარი მეთოდი კი გრამატიკულ-მთარგმნელობითი ხასიათის (Grammar-Translation Method) იყო. შესაბამისად, როდესაც ინგლისური ენის სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება გახდა საჭირო, ლინგვისტ-გრამატიკოსებმა და პედაგოგებმა უკვე ნაცად მეთოდს მიმართეს. იმ პერიოდისათვის უცხო ენის სწავლების საფუძვლად მიიჩნეოდა წერითი მეტყველება, ხოლო სწავლების ძირითადად ობიექტად - გრამატიკა. მოსწავლეებს გრამატიკის ცალკეულ საკითხებს განუმარტავდნენ და შემდგომ  შესაბამის წინადადებებს აძლევდნენ. აღნიშნული წინადადებები უნდა თარგმნილიყო სამიზნე ენიდან წყარო ენაზე და პირიქით.
აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ენის შესწავლის პროცესი მხოლოდ წინადადების დონეზე მიმდინარეობდა. სასაუბრო ენის სწავლების მნიშვნელოვნება კი ყურადღების მიღმა რჩებოდა. სწორედ, მეთოდის ამ ნაკლოვანებების საპირისპიროდ მე-19 საუკუნის ბოლოს წარმოიშვა პირდაპირი მეთოდი (Direct Method), რომელიც გახლდათ რეაქცია გრამატიკულ-მთარგმნელობითი მეთოდის შეზღუდვებზე. ამ შემთხვევაში, ინგლისური ენის სწავლების მიზანი  ენის პრაქტიკული დაუფლება გახლდათ. პირდაპირი მეთოდის (Direct Method) მიმდევრები გრამატიკიდან მოსწავლეს სთავაზობენ  მხოლოდ იმას, რაც მოცემულ სიტუაციაში პრაქტიკული მეტყველებისათვის იყო აუცილებელი.  თარგმანი სწავლების პროცესში აღარ გამოიყენებოდა. პირდაპირმა მეთოდმა ორიენტირი ყოველდღიურ სალაპარაკო ენაზე აიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კი იყო ის, რომ გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში საკლასო ოთახში მხოლოდ სამიზნე ენა გამოიყენებოდა. 
მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში ბიჰევიორისტული მიდგომა ენის სწავლების პროცესში ძალზედ პოპულარული გახდა. რომლის თანახმადაც, ენის სწავლება წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს ბევრჯერ სთხოვენ წინადადებების გამეორებას სწორად და შემდგომ შეაქებენ ან სხვა რომელიმე სტიმულით დაჯილდოვდებიან. რაც უფრო ხშირად გამოიყენებს მასწავლებელი გამეორებას, მოსწავლეები მით უფრო წარმატებით შეძლებენ საუბარს მომავალში. ბიჰევიორიზმის მონაცემებს სწავლებაში აუდიო-ლინგვალური მეთოდი (Audio-Lingual Method) ეყრდნობა. სწავლების საფუძველი ზეპირი მეტყველებაა. ინგლისური ენის სწავლების დასაწყისში უარყოფილია წერა-კითხვის შესწავლა იმიტომ, რომ კითხვის უნარის გამომუშავება შესაძლებელია მეტყველებისას გარკვეული ცოდნის დაგროვების შემდგომ. აუდიო-ლინგვალური მეთოდის გამოყენებით ხდებოდა მხოლოდ სასაუბრო დიალოგების დაზეპირება მექანიკურად. ყოველდღიური ფრაზების დამახსოვრება მხოლოდ ზედაპირულ ცოდნას აძლევს ენის შემსწავლელს. სწორედ ეს ფაქტი შეიძლება მივიჩნიოთ მეთოდის ნაკლოვან მხარედ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სწავლების პროცესში წყარო ენის გამოყენება გამორიცხულია.
1970-იანი წლებიდან ენის სწავლებაში გაჩნდა ახალი მიდგომა. ენა შეფასდა არა მხოლოდ გრამატიკული, ლექსიკური ან ფონოლოგიური წესების ერთობლიობად, არამედ როგორც მნიშვნელობის გამომხატველ საშუალებად. შესაბამისად, უცხო ენის სწავლების პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა მოსწავლეების ალაპარაკება რეალური საკომუნიკაციო სიტუაციების გამოყენებით. სწორედ ამას ისახავდა მიზნად ენის სწავლების კომუნიკაციური (Communicative Language Teaching) მეთოდი, რომელიც თანამედროვე მეთოდია და დღესდღეობით მიჩნეულია ინგლისური ენის სწავლების „სტანდარტად“. სახელიდან გამომდინარე, აღნიშნული მეთოდი ორიენტირებულია კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განვითარებაზე.